მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და იშვიათი ცისფერი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება. იტყობინება აუქციონის სახლი Sotheby’s.
აუქციონის სახლის ინფორმაციით, 15.10-კარატიანი ძვირფასი ქვა სახელწოდებით, The De Beers Cullinan Blue, არის ყველაზე დიდი ცისფერი ბრილიანტი, რომელიც ისტორიის განმავლობაში აუქციონზე გაუტანიათ.
Sotheby’s ბრილიანტს აღწერს, როგორც "განსაკუთრებით იშვიათს" და დასძენს, რომ მისი აუქციონზე გამოტანა საეტაპო მოვლენად იქცევა.
The De Beers Cullinan Blue-ს აუქციონზე გატანა დაგეგმილია აპრილის ბოლოს, ჰონგ კონგში. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ბრილიანტი 48 მილიონ დოლარად გაიყიდება.
ბრილიანტი 2021 წელს სამხრეთ აფრიკაში, კულინანის მაღაროში აღმოაჩინეს.
კულინანის მაღაროს ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილი არაერთი ბრილიანტი, მათ შორის, 1905 წელს აღმოჩენილი სახელგანთქმული, 3106-კარატიანი "კულინანის ალმასი".
ფოტო: Sotheby’s