კულინანი 1905 წლის 25 ივნისს იპოვა "პრემიერ დაიმონდ მაინინგ კომპანის" მთავარმა ინტენდანტმა ფრედერიკ უელსმა კულინანში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
ეს არის აქამდე ნაპოვნ ალმასთა შორის უდიდესი დაუმუშავებელი ქვა სუფთა ალმასის წონით 621.35 გრ. (3.106,75 კარატი). ძვირფას ქვას სახელი სერ თომას კულინანის, ალმასების მაღაროს მფლობელის პატივსაცემად დაერქვა.
შემდგომში ეს ქვა შეისყიდა ტრანსვაალის მთავრობამ და საჩუქრად მიართვა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარქს, ედუარდ VII-ს.
მოგვიანებით ქვა სამ დიდ ნაწილად გაიყო ძმები აშერების მიერ ამსტერდამში, ხოლო საბოლოოდ კი თერთმეტ დიდი ზომის ალმასის ქვებად და რამდენიმე მცირე ფრაგმენტად.
ამ ქვის უდიდეს დამუშავებულ ბრილიანტს შეარქვეს კულინან I ანუ აფრიკის დიდი ვარსკვლავი (Great Star of Africa) და 530.2 კარატით (106.04 გრ.) ზომით უდიდესი დამუშავებული ალმასი იყო მსოფლიოში 1985 წლამდე, როდესაც იგივე მაღაროელი კომპანიის მიერ ალმასი ოქროს იუბილე (Golden Jubilee) (545.67 კარატი) იქნა აღმოჩენილი.
კულინან I ამჟამად ბრიტანეთის სამეფო, წმ. ედუარდის სკიპტრის თავზეა დამაგრებული. კულინანის ქვის სიდიდით მეორე ალმასი, კულინან II, მსოფლიოში სიდიდით მეორე დამუშავებული ალმასია და ასევე წარმოადგენს ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის ბრილიანტთა ნაწილს. დამაგრებულია იმპერიულ სამეფო გვირგვინზე.
ორივე ალმასი გამოფენილია ლონდონის ტაუერში, ბრიტანეთის სხვა დანარჩენ სამეფო ბრილიანტთა შორის.