რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის ფოიეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემის "რადოსლავ პაჩოხას - ბენიამინი" პრეზენტაცია მოეწყობა.
გამოცემა, რომელიც ილია სახელმწიფო უნიერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა მოამზადა, მოიცავს თანამედროვე პოლონელი დრამატურგის რადოსლავ პაჩოხას პიესის "ბენიამინი" ქართულ თარგმანს (მთარგმნელი ლევან ხეთაგური). სპექტაკლი უკვე განხორციელდა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ახალგაზრდა პოლონელი რეჟისორის ტომაშ ლესჩინსკის და ასევე ქართველი ახალგაზრდა რეჟისორის ირაკლი გოგიას მიერ.
რუსთაველის თეატრში პრეზენტაციასთან დაკავშირებით საგანგებოდ ჩამოვიდა პიესის ავტორი რადოსლავ პაჩოხა, რომელიც წიგნის პრეზენტაციის შემდეგ დაესწრება სპექტაკლს.
გამოცემაში ასევე შესულია ინფორმაცია პოლონურ-ქართული პროექტის შესახებ, რეზიუმეები დამდგმელი ჯგუფისა და სპექტაკლში მონაწილე მსახიობების შესახებ. წინასიტყვაობის ავტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლევან ხეთაგური. გამოცემის რედაქტორია თეატრმცოდნე თამარ კიკნაველიძე.
პროექტის ავტორები არიან პოლონეთის საელჩო საქართველოში, კულტურის საერთაშორისო ფონდი "კავკასია", რუსთაველის თეატრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რადოსლავ პაჩეხა 1977 წელს დაიბადა. დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის ფილოლოგიის, შემდეგ კი ვარშავის აკადემიის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტები. ავტორია რეცენზიების, სტატიების, ესსეებისა და მოთხრობების, რომლებიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალებში, მაგალითად: "თეატრი", "სცენა", "თეატრალური დღიური" და ა.შ. არის პოლონეთის დრამატურგთა მეხუთე კონკურსის, სახელწოდებით "ვინდოვისკო 2008", ლაურეატი პიესისთვის "შოკოლადის სურნელი". 2009 წელს მას პოლონეთის თანამედროვე დრამატურგიის მეორე კონკურსში "რეალობის მეტაფორები", რომელიც პოზნანის თეატრის მიერ იყო ორგანიზებული, მთავარი პრემია დრამატული ნაწარმოებისთვის ("მეგობარი") გადაეცა. ერთ-ერთი ავტორია მუსიკალური სპექტაკლისთვის შექმნილი სცენარის, სახელწოდებით "ბალი შექსპირთან", ასევე, კრიმინალური დრამის - "ბარი ბაბილონი", რომელიც ჟურნალ "დიალოგის" 2009 წლის მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა. ამჟამად როგორც ლიტერატურული ნაწილი ვარშავის თეატრ "პოვშეხნიში" მუშაობს და პარალელურად პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტშიც სწავლობს.
პრეზენტაცია დღეს, 23 ნოემბერს, 19:00 საათზე, გაიმართება.