პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
ელისაშვილის თქმით, შალვა ნათელაშვილი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია.
"ძალიან მინდოდა, შალვა ნათელაშვილი ამ დარბაზში ყოფილიყო და მისთვის პირადად მეთქვა, რასაც ვფიქრობ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, მაგრამ ახლა აქედან არ იქნებოდა კარგი. მე მიმაჩნია, რომ ის არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი პოლიტიკოსებს შორის. მითქვამს და ხმამაღლა ვამბობ, რომ მხარს დავუჭერ მისთვის მანდატის შეწყვეტას. ამით ფულს დავუზოგავ ჩემს სახელმწიფოს, იქნებ რამე ხეირიანს მოხმარედეს ის ფული", - თქვა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილი აცხადებს, რომ არ ეთანხმება ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას და მხარსაც არ დაუჭერს. მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსია.
"ვერავინ დამაბრალებს, რომ ლელო მიყვარს ან შემიყვარდა, ან რამე აღმატებული წარმოდგენა მაქვს. მაგრამ აქ, პარლამენტში ვაკვირდები, ვინ როგორ მუშაობს და ვის როგორ უნდა, რომ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი გამოიყენოს ხალხის სასიკეთოდ. ჩემი კონკურენტი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ბატონი ბადრი. სხვა ამას არ იტყოდა, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ჩემთვის ის არის ერთ-ერთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატი და ძალიან კარგი დეპუტატი, ჩართულია ყველა პროცესში, განხილვებში, სვამს კითხვებს, ჩემი აღქმით, სწორ კითხვებს. ბევრი ასეთი დეპუტატი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ უკეთესი გახდეს", - თქვა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.