ორწლიანი პაუზის შემდეგ, ვენეციაში ტრადიციული კარნავალი მიმდინარეობს. 2020-2021 წლებში კარნავალი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა.
კარნავალი ტრადიციულად სან მარკოს მოედანზე დაიწყო. წლევანდელი ღონისძიების გამართვა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იტალიაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
"ეს იმედის კარნავალია. Covid დასრულდა და ჩვენ ველით, რომ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას", - ამბობს ვენეციის ერთ-ერთი მკვიდრი, კრისტიან სკალესი.
ამ წლის ღონისძიება მცირედით სახეცვლილი ფორმით ჩატარდება. ორგანიზატორების თქმით, ზოგიერთი აქტივობა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. ამასთან, არ ჩატარდება ტრადიციული ხალხმრავალი მსვლელობა.
კარნავალს, რომლის უმთავრესი ატრიბუტი მრავალფეროვან ჩაცმულობასთნ ერთად, ნიღაბია, ათასობით ტურისტი სტუმრობს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, თეატრალიზირებული და მუსიკალური წარმოდგენები. ქალაქი გაფორმებულია ულამაზესი დეკორაციებით. გასართობი ღონისძიებები დილიდან გვიან საგამომდე გრძელდება.
ვენეციის კარნავალის ტრადიცია რომაული დღესასწაულიდან მომდინარეობს, რომელიც ძველ რომში სატურნის პატივსაცემად იმართებოდა.
რენესანსის ეპოქაში ვენეციაში ნიღბებმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად იყენებდნენ. ვენეციელი დიდებულები ნიღბის ქვეშ თავიანთ სახებს კაზინოში ან სხვა გასართობ სიტუაციებშიც მალავდნენ.
ტრადიციული კარნავალი ვენეციაში 12 თებერვალს დაიწყო და 1-ელ მარტამდე გასტანს.
ფოტო: TIZIANA FABI