შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანის განცხადებით, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია, მაგრამ ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მომავალ კვირაში შეიჭრას.
"კონკრეტული დღეს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, თუ როდის განახორციელებს რუსეთი უკრაინაში შეჭრას, თუმცა ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებს, რომ დიდი სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ნებისმიერ დღეს დაიწყოს, მათ შორის მომავალ კვირაში, ვიდრე ოლიმპიადის დასრულებამდე“, - თქვა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა CNN-თან ინტერვიუში.
სალივანის თქმით, მიუხედავად ამ მოლოდინისა, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ დიპლომატია გაიმარჯვებს.
ანალოგიური შინაარსის განცხადება, ჯეიკ სალივანმა წინა დღით, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზეც გააკეთა.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის განცხადებას წინ უსწრებდა პრეზიდენტ ბაიდენის სატელეფონო საუბარი პუტინთან, რომელიც 12 იანვარს გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა მკაცრად გააფრთხილა პუტინი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ.
სამხედრო კონფლიქტის მზარდი საფრთხის ფონზე, დასავლეთი აგრძელებს დიპლომატიურ მცდელობებს პუტინის შეკავებისა და ვითარების დეესკალაციის მიზნით. ამჯერად უკრაინასა და რუსეთს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა. თავდაპირველად, კანცლერი უკრაინაში ჩავა, 14 თებერვალს, მეორე დღეს კი მოსკოვში გაემართება.
შეგახსენებთ, 11 თებერვალს დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჯო ბაიდენმა ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს დაზვერვის ახალი მონაცემები გაუზიარა, რომლის თანახმადაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.