გერმანიის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩეულმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბუნდესტაგში სიტყვა წარმოსთქვა, სადაც უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.
შტაინმაიერის განცხადებით, ევროპაში ომის საფრთხეზე რუსეთია პასუხისმგებელი.
"ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ "ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება".
მისი თქმით, ევროკავშირი და ნატო ერთობლივ რეაგირებას მოახდენენ, თუ რუსეთი შეეცდება უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას. "თუ იქნება შეჭრის მცდელობა, ჩვენ საერთო პასუხს გავცემთ", - განაცხადა მან.
შტაინმაიერის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ შიშისა და მუქარის გარეშე იცხოვრონ.
"მივმართავ [რუსეთის] პრეზიდენტ პუტინს: მოხსენით მარყუჟი უკრაინას კისრიდან და ჩვენთან ერთად მოძებნეთ გზა, რომელიც შეინარჩუნებს მშვიდობას ევროპაში", - დასძინა მან.
დღეს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეორე ვადით აირჩიეს გერმანიის პრეზიდენტად.