გერმანიის ფედერალურმა კრებამ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეორე ვადით აირჩია გერმანიის პრეზიდენტად.
გერმანიის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებში ფედერალური კრების დელეგატთა 77%-ის მხარდაჭერა მიიღო, 1045 ხმა 1425 ხმიდან.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, შტაინმაიერმა სიტყვა წარმოსთქვა, სადაც უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.
"ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დასძინა, რომ "ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება".
"მივმართავ [რუსეთის] პრეზიდენტ პუტინს: მოხსენით მარყუჟი უკრაინას კისრიდან და ჩვენთან ერთად მოძებნეთ გზა, რომელიც შეინარჩუნებს მშვიდობას ევროპაში", - დასძინა მან.
შტაინმაიერის გარდა, არჩევნებში კიდევ 3 კანდიდატი მონაწილეობდა:
მაქს ოტე - "ალტერნატივა გერმანიისთვის"
გერჰარდ ტრაბერტი - მემარცხენეთა პარტია
შტეფანი გებაუერი - "თავისუფალი ამომრჩევლები"
66 წლის პოლიტიკოსს ორჯერ ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობაში, 2005-2009 და 2013-2017 წლებში. 2017 წელს მან სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე იოახიმ გაუკი შეცვალა.
გერმანიის პრეზიდენტის ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც ბუნდესტაგის დეპუტატებისა და ფედერალური მიწების პარლამენტების წარმომადგენლებისგან შედგება.