შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 18-20 თებერვალს ეწვევა გერმანიას, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის საბრინა სინგჰის განცხადებაში.
"ვიცე-პრეზიდენტის მიუნხენის კონფერენციის მუშაობაში ჩართულება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ნატოს მოკავშირეთა მიმართ და დაადასტურებს ჩვენს საერთო ინტერესს იმ პრინციპების დასაცავად, რომლებიც ემყარება ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამალა ჰარისი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რათა ხაზი გაუსვას ვაშინგტონის ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც 18-20 თებერვალს არის დაგეგმილი, 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება, ასევე 100-ზე მეტი მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, როგორიცაა გაერო, ნატო და ევროკავშირი.
კონფერენციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გახსნის.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.