მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც 18-20 თებერვალს არის დაგეგმილი, 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება, ასევე 100-ზე მეტი მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, როგორიცაა გაერო, ნატო და ევროკავშირი.
ორგანიზატორების განცხადებით, გერმანულ დელეგაციას კანცლერი ოლაფ შოლცი უხელმძღვანელებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მიუნხენში ჩავა შეერთებული შტატების უმაღლესი დონის დელეგაცია, რომელშიც შევლენ ბაიდენის ადმინისტრაციისა და კონგრესის წარმომადგენლები.
მოელიან, რომ ამერიკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს.
კამალა ჰარისის ვიზიტი ოფიციალურად დადასტურებელი არ არის, თუმცა სანდო წყაროები იტყობინებიან, რომ ვიცე-პრეზიდენტის მიუნხენში ჩასვლა გადაწყვეტილია.
ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. საპასუხოდ, კონფერენციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
კონფერენციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გახსნის.
კორონავირუსის პანდემიის გამო, კონფერენციის მასშტაბები და დელეგატთა რაოდენობა შემცირებულია.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.