გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი მოსკოვში ჩადიან.
თავდაცვის მდივანი უოლესი თავის რუს კოლეგას სერგეი შოიგუს შეხვდება, ლიზ ტრასი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართავს მოლაპარაკებებს, რომლის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების განხილვა იქნება.
ლიზ ტრასის ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისმა გაავრცელა.
"ლიზ ტრასი დღეს გაემგზავრება მოსკოვში, რათა კრემლს დეესკალაციისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერებისკენ მოუწოდოს. ორდღიანი ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მდივანი შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და გადასცემს მკაფიო მესიჯს, რომ რუსეთისთვის ერთადერთი გზა არის აგრესიის შეჩერება და კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში ჩართვა", - ნათქვამია საგარეო ოფისის განცხადებაში.
ბოლოს მოსკოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის რანგში, ბორის ჯონსონი ეწვია, 2017 წელს.