უკრაინის დედაქალაქ კიევში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და მის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
მოლაპარაკების შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადებები გააკეთეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებები ერთადერთი გზაა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად.
"26 იანვარს, [ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში] მრჩევლების დონეზე გამართულ შეხვედრაზე, უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად არის განაგრძოს სვლა მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით. ეს საკითხები გუშინ პრეზიდენტ პუტინთან განვიხილე და მანაც დაადასტურა მისი განზრახვა, განაგრძოს მინსკის შეთანხმებების შესრულება. დღეს ასევე მოვისმინე, რომ თქვენც მზად ხართ, ეს შეთანხმებები შეასრულოთ. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით, ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მდგრადი მშვიდობისკენ სვლის საშუალებას იძლევა. ჩვენ შეგვიძლია წინ წავწიოთ ეს მოლაპარაკებები", - თქვა მაკრონმა.
მან დაადასტურა, რომ "ნორმანდიული ფორმატის" ფარგლებში მრჩეველთა მორიგი შეხვედრა 10 თებერვალს ბერლინში გაიმართება.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს იმ ზეწოლის მიუხედავად, რომელიც დღეს არსებობს უკრაინის საზღვრებზე", - დასძინა მაკრონმა.
თავის მხრივ, ზელენსკის განცხადებით, პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიზნის მიღწევისკენ, რათა უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების სამიტის ორგანიზება მოხერხდეს.
"სამშვიდობო პროცესი ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში, 2019 წლის დეკემბერში პარიზის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, შევძლებთ "ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერების მორიგი მოლაპარაკებების გამართვას", - თქვა მან.
"ნორმანდიული ფორმატის" მუშაობა, რომელიც გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს გულისხმობს, დიდი ხანია გაყინულია. ბოლო შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, 2019 წელს, პარიზში გაიმართა.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებები რჩება ინსტრუმენტად დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაიწყებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ბოლო 24 წლის განმავლობაში ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
მანამდე, მოსკოვში, ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები გაიმართა, რომელმაც 6 საათს გასტანა. უახლოეს დღეებში, უკრაინას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც ეწვევა.