კრემლში გვიან ღამით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივი პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციას წინ უძღოდა ორი ქვეყნის ლიდერს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომელმაც 5 საათზე მეტ ხანს გასტანა.
მაკრონმა ევროპული უსაფრთხოების სისტემაზე საუბრისას, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპული უსაფრთხოების სისტემა იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, მაგრამ მდებარეობენ ევროპის რეგიონში. ეს ქვეყნებია ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა. ამ ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ისინი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია. ეს ასევე გასათვალისწინებელია", - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი და ევროკავშირი სიტუაციის სტაბილიზაციისა და დეესკალაციის კონკრეტულ ზომებზე უნდა შეთანხმდნენ.
"ესკალაცია არავის ინტერესში არ შედის. არც რუსეთს და არც ევროპელებს ქაოსი და არასტაბილურობა არ სურთ. ამიტომაც უნდა შევთანხმდეთ კონკრეტულ ზომებზე, რათა სიტუაციის სტაბილიზირება და დეესკალაციისკენ გადასვლა მოხდეს", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ემანუელ მაკრონის რუსეთში ვიზიტი ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომელსაც დასავლეთი კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით ახორციელებს. ამ ძალისხმევის ფარგლებში მაკრონი დღეს უკრაინაში გაემგზავრება.
უახლოეს დღეებში უკრაინასა და რუსეთს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც ეწვევა, რომელიც ამჟამად შეერთბულ შტატებში იმყოფება.