შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ამერიკული ტელეარხების (ABC, NBC, FOX) ეთერში იმ მოსალოდნელ აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა, რომელიც კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა უახლოეს ხანებში განახორციელოს.
სალივანის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი, რასაც რუსეთი შესაძლოა ამზადებდეს, დონბასის ანექსიაა.
რუსეთისგან მოსალოდნელ ქმედებებს შორის, სალივანმა ასევე დაასახელა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სახმედრო ინტერვენცია, მასირებული კიბერშეტევები, პოლიტიკური დესტაბილიზაცია.
სალივანმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებია აშშ და მისი მოკავშირეები მუშაობენ ყველა შესაძლო სცენარისთვის მოსამზადებლად. მისივე განცხადებით, ვაშინგტონი და მოკავშირეები უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში საპასუხო ზომებზე ერთიანები არიან.
სალივანის თქმით, რუსეთის მხრიდან ვითარების შემდგომი ესკალაცია და უკრაინაში შეჭრა შეიძლება მოხდეს "ნებისმიერ მომენტში".
"გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა დიდი სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა", - თქვა სალივანმა.
სალივანის თქმით, მოვლენების ასეთმა განვითარებამ, უკრაინაში შესაძლოა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაცია ძვირად დაუჯდება. სალივანმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერებაც არ გამორიცხა.
მისი განცხადებით, რუსეთის გადასაწყვეტია, ესკალაციის ნაცვლად, აირჩევს თუ არა დიპლომატიის გზას.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა უკრაინის მიმართ გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ. ჩვენი მოკავშირეები მზად არიან და ვცდილობთ, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს, რათა უკეთ მოემზადონ", - დასძინა მან.
სალივანმა ასევე თქვა, რომ აშშ არ აპირებს რუსეთთან ნატოს ღია კარის პოლიტიკის განხილვას, თუმცა მზად არის, განიხილოს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სარაკეტო სისტემების განლაგება, სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობა, ინციდენტების პრევენციისთვის ნდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯები და სხვა.
ცოტა ხნის წინ, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, რესურსების 70 %-ის მობილიზება მოახერხა.
დასავლეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე 120 000-მდე ჯარისკაცი განათავსა. მოსკოვი უარყოფს ახალი შეჭრისთვის მზადებას და ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის საზღვრებთან მანევრების ჩატარებაში ადანაშაულებს.
დასავლეთი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი სანქციებით იმუქრება.