რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვართან დამატებითი ტაქტიკური ჯგუფების დისლოცირებას, - ამის შესახებ ორი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს.
Reuters-ი ამერიკის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სასაზღვრო რეგიონში ტაქტიკური ჯგუფების რაოდენობა 60-დან 83-მდე გაიზარდა. კიდევ 14 ჯგუფი კი გზაშია.
ამერიკელი წყაროების შეფასებით, რუსეთმა უკვე მოახერხა რესურსების 70 პროცენტის მობილიზება, რაც აუცილებლია უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის.
რაც შეეხება უკრაინაში შეჭრის ვადებს, წყაროების თქმით, მოსალოდნელია, რომ ამინდის პირობები რუს სამხედროებს საშუალებას მისცემს, 15 თებერვლიდან მარტის ბოლომდე განახორციელონ მექანიზებული გამავლობის ოპერაციები. წყაროების თქმითვე, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დიპლომატიური ძალისხმევისთვის ფანჯარა თანდათან იხურება.
აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ფართომასშტაბიანი შეჭრის გარდა რუსეთს შეუძლია სხვა ვარიანტების არჩევაც, მათ შორის შეზღუდული შეჭრაც და არ ფიქრობენ, რომ პუტინს საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
ამერიკელი წყაროების თქმით, რუსეთი პოტენციურად მზად არის ორ დღეში დაიპყროს კიევი, რაც ძალიან დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. უკრაინამ, შესაძლოა, დაკარგოს 5-დან 25 ათასამდე სამხედრო, იმ დროს როცა რუსეთის არმიის დანაკარგმა, შესაძლოა, 3-დან 10 ათასამდე სამხედრო შეადგინოს. აშშ-ის შეფასებით, შესაძლოა დაიღუპოს 25-50 ათასი უკრაინელი სამოქალაქო პირი, მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე კი დევნილად იქცეს.