შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში, კიევი შესაძლოა 72 საათში დაეცეს.
ტელეარხ Fox News-ის ცნობით, აღნიშნულის თაობაზე გენერალმა მილმა კონგრესში კანონმდებლებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა.
დახურულ შეხვედრაზე გენერალმა მილმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, სავარაუდოდ, 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი და 4 000 რუსი სამხედრო შეეწირება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე რამდენიმე კანონმდებლობა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ სწრაფად არ აღმოუჩინა სამხედრო დახმარება უკრაინას, თავდაცვითი შესაძლებლობების განსამტკიცებლად.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უპასუხეს ამ შეშფოთებას და განაცხადეს, რომ უფრო მასშტაბური სამხედრო დახმარების მიწოდება, შესაძლოა, რუსეთმა შეჭრის საბაბად გამოიყენოს.
ცოტა ხნის წინ, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, რესურსების 70 %-ის მობილიზება მოახერხა.
გასული წლის დეკემბერში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების 200-მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა.
დასავლეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე 120 000-მდე ჯარისკაცი განათავსა. მოსკოვი უარყოფს ახალი შეჭრისთვის მზადებას და ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის საზღვრებთან მანევრების ჩატარებაში ადანაშაულებს.
დასავლეთი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი სანქციებით იმუქრება.