ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა უნგრეთმა დაბლოკა უკრაინის გაწევრიანების საკითხი ნატოს კიბერთავდაცვის ერთობლივ ცენეტრში (CCDCOE). აღნიშნულის თაობაზე უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
დანილოვმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, ქვეყნის დასახელების გარეშე, განაცხადა, რომ ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა უარი თქვა ცენტრის მუშაობაში უკრაინის მონაწილეობაზე.
უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვეტოს უფლება უნგრეთმა გამოიყენა.
"გასულ ზაფხულს წარვადგინდეთ ყველა დოკუმენტი ამ ცენტრში გასაწევრიანებლად. როგორც ნატოში, გადაწყვეტილებები აქაც კონსენსუსით მიიღება. ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა მასში უკრაინის მონაწილეობაზე", - თქვა დანილოვმა.
მან სინანულით აღნიშნა, რომ ცენტრში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვა განსაკუთრებით სამწუხაროა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კიბერთავდასხმების ობიექტია.
ნატო-ს კიბერცენტრმა უკრაინის განაცხადის განხილვა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. რომ არა უნგრეთის ვეტრო, უკრაინა 2022 წლის პირველი იანვრიდან გახდებოდა ცენტრის წევრი.
პროცედურების თანახმად, შესაძლებელია, წევრობის საკითხის გადახედვა კიდევ ერთხელ მოხდეს. უკრაინული მედია იმედოვნებს, რომ მოკავშირეები შეძლებენ ბუდაპეშტის გადარწმუნებას.
კიბერცენტრის საბჭოს სხდომები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, წელიწადში ორჯერ იმართება, შესაბამისად, მოვლენების პოზიტიური განვითარების შემთხვევაშიც კი, უკრაინის გაწევრიანება ამ ინსტიტუტში შესაძლებელია მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრიდან.
ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უსწრებდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის კრემლში ვიზიტი, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. ორბანმა პუტინთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ექნება მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
უნგრეთს ოფიციალური კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნგრეთი ბლოკავს უკრაინის ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავების მცდელობას.
27 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ თუ უკრაინა უნგრელი უმცირესობის მიმართ არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას, ეს ბუდაპეშტის მიერ კიევისთვის დახმარების შესაძლებლობას შეზღუდავს.
2017 წელს უკრაინაში ენის კანონის მიღების შემდეგ უნგრეთმა განაცხადა, რომ დაბლოკავს უკრაინა-ნატოს კომისიის შეხვედრებს პოლიტიკურ დონეზე და უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურას. როგორც უნგრული მხარე აცხადებს, დოკუმენტმა მნიშვნელოვნად შეამცირა ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლის შესაძლებლობა.