რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოფიციალური ვიზიტი იმყოფება რუსეთში, სადაც ის შეხვდა პრეზიდენტ პუტინს.
მედიის ინფორმაციით, ორბანმა პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროპის ლიდერებს არ სურთ ომი და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრენი არიან.
"ჩემი დღევანდელი ვიზიტი ნაწილობრივ სამშვიდობო მისიაა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირის არც ერთ ლიდერს არ სურს ომი. ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტის მომხრე ვართ", - განაცხადა ორბანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს და იმედოვნებს, პუტინთან კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.
"მართალი გითხრათ, წასვლას არ ვაპირებ. აპრილში არის არჩევნები, სადაც ვაპირებ გამარჯვებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თქვენთან მრავალი წლის განმავლობაში ვითანამშრომლებთ", - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინთან შეხვედრის ფარგლებში გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდასა და ტარიფის გაიაფებაზეც გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ უნგრეთი რუსულ გაზს ევროპის საბაზრო ფასთან შედარებით დაბალი ტარიფით იღებს.
"ხაზგასასმელია, რომ უნგრეთი დღესაც რუსულ გაზს ევროპის საბაზრო ფასზე ხუთჯერ იაფად ყიდულობს", - თქვა პუტინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მოსკოვში ვიზიტამდე ვიქტორ ორბანმა სატელეფონო საუბარი გამართა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.
მანამდე, უნგრეთის ოპოზიციამ მოუწოდა ორბანს, ევროპაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უარი ეთქვა მოსკოვში გამგზავრებაზე.