საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მამაკაცის სახელებს შორის „გიორგი" ყველაზე პოპულარულია.
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდისა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილი გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველომ კვლევა ჩაატარა, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა.
ამჟამად, საქართველოში სულ 168 639 გიორგი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ პოპულარულია აგრეთვე ამავე ფუძიდან წარმოებული სხვა სახელებიც, მაგალითად: გიო (94), ლაშა-გიორგი (235).
გარდა ამისა გვხვდება ისეთი სახელებიც, როგორიცაა: საბა-გიორგი, მათე-გიორგი, ლუკა-გიორგი, ედვარდ-გიორგი, თეიმურაზ-გიორგი, გიორგი-უმცროსი, გიორგი-არჩილი, გიორგი-ლაზარე და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სახელი გიორგი მამაკაცის სახელებს შორის ყოველთვის პოპულაული იყო. ყველა ასაკის მამაკაცთა გავრცელებული სახელების ათეული ამგვარია: 1. გიორგი, 2. დავითი, 3 ზურაბი, 4 ლევანი, 5. ალექსანდრე, 6. ირაკლი, 7. მიხეილი, 8. თამაზი, 9. ნიკოლოზი და 10. ავთანდილი.
ახალშობილ ვაჟთა შორის პოპულარული სახელები კი ასეთია: გიორგი, ნიკოლოზი, ლუკა, საბა, დავითი, ანდრია, ალექსანდრე, სანდრო და სხვა.