საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის დავალებით, უკვე 5 კვირაა რუსთავის ციხეში მასთან პირად ექიმს არ უშვებენ.
მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, უკიდურესად დამძიმდეს და ლეტალური შედეგი დადგეს, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ივანიშვილს დაეკისრება.
"მე მინდა მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. მე გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, გუშინ მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი ნიუ-იორკიდან ჩამოსული პირადი ექიმი წერს ყოველდღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან და პარიკმახერი შემოუშვეს 1 დღეში. ივანიშვილის ძალებით უკვე 5 კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან დიდი სისუსტე, მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები.
ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა. ეს ხდება შენი მითითებით და ამას ვერსად დაუძვრები ოლიგარქო... ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს. მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება, იმ პირობებში, როდესაც შენ მიაღწევ შენს მიზანს და ეს ყველაფერი დამთავრდება ლეტალურად ჩემთვის, იმას ვერ ეღირსები, რომ უბრალოდ აზროვნება არ შემეძლოს, მახსოვრობა არ მქონდეს და ინვალიდიზაცია მოხდეს. ეს იქნება ან სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება.
მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. უკრაინის პროკურატურამ უკვე ექსტერიტორიული პროცესები დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, დარწმუნებული ვარ, იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაში. ვეღარც თურქეთში ვეღარ გახვალთ დასასვენებლად, მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა მანამ, სანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ ამის ხარჯზე...
მე მჭირდება სამედიცინო დახმარება ახლა. შემოუშვით ჩემთან ის ექიმები, რომლებსაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს დამთავრდება ცუდად თქვენთვის პირველ რიგში, ამის გარანტიას გაძლევთ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილს.