დღეს საქართველო მხარს უჭერს ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ის აგრესიული ქმედებები, მუქარა ეს იქნება კიბერშეტევები, თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშნები, თუ რამდენად დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე,
„დღეს ჩვენ ვუჭერთ მხარს ყველა მშვიდობიან მოლაპარაკებას, რაც დღეს მიმდინარეობს და ვიცი, ყველა მხრივ მიმდინარეობს მცდელობები, გამოვიდეთ ამ დაძაბული ვითარებიდან, რამეთუ აგრესიას მომავალი არ გააჩნია, შედეგი არ გააჩნია. ეს სამხედრო ქმედებები, ეს ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს, ანაქრონისტული არის დღევანდელ დღეს, რამეთუ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს დღევანდელ დღეს ამ გლობალური გამოწვევების წინაშე თუ არა, მოვნახოთ მშვიდობიანი გზები. ვისაც ეს არ ესმის, ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, იმას დღეს არ ესმის, როგორი არის 21-ე საუკუნის მსოფლიო.
მინდა, გამოვთქვა ჩემი იმედი და რწმენა, რომ უკრაინის სუვერენობა იქნება ბოლომდე დაცული, მინდა, იმედი გამოვხატო, რომ მოლაპარაკებები, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი არის სრულად ჩართული, იქნება შედეგიანი და ეფექტური. ეს ყველა ჩვენი საერთო ინტერესი არის. მინდა ასევე ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, საქართველოს არა მხოლოდ სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები იქნება დაცული ამ მოლაპარაკებებში, არამედ ყველა ის ჩვენი ინტერესები, ასევე იქნება ამ კონსულტაციებში თუ მოლაპარაკებებში სრულიად დაცული და ამისთვის წინასწარ მინდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა მოვახსენო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.