"ის აგრესიული ქმედებები, მუქარა ეს იქნება კიბერშეტევები, თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშნები, თუ რამდენად დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის გადასვლა პროვოკაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ამას მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს რეალურად არის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას, თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ის ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება.
ჩვენი სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და განიცდის დღემდე ოკუპაციას და ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინის ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ", - თქვა პრეზიდენტმა.