პარტია "მოქალაქეები" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ.
ალეკო ელისაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიები სოციალურ საკითხებზე უნდა შექმნან და არა, მისი შეფასებით, ძალით გაბუქებულ თემებზე. მისი თქმით, ეს ენერგიის ამაო ხარჯვა იქნება.
"ჩვენ არ ვუჭერთ ამ კომისიის შექმნას მხარს და არც მის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, იმიტომ რომ ეს იქნება ამაო ენერგიის და დროის ხარჯვა. წამება და გაბუქება, რომ არიქა, სააკაშვილს სული ამოხადეს და ამაზე სამი თვე ვხარჯოთ, იქნება დროის კარგვა. ჯობია ეს სამი თვე მოვახმაროთ იმ პრობლემების მოგვარებას რაც ნამდვილად აწუხებს ხალხს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის ერთ-ერთ მიზნად დაასახელა.
ხატია დეკანოიძე აცხადებდა, რომ რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური, დამამცირებელი და არაჰუმანური მოპყრობის ფატქები არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიების ნაწილი და პარტიის საპარლამენტო მუშობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ზემოაღნიშნული ფაქტების გამოძიება, რისთვისაც ფრაქცია აპირებს საგამოძიებო კომისიის შექმნას.
საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ 20 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. ამ დროისთვის, ცნობილია, რომ "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მხარს დაუჭერენ კომისიის შექმნას, წინააღმდეგ გამოდის პარტია "საქართველოსთვის", ხოლო "გირჩი" მხარდაჭერისთვის საკუთარ პირობებს ასახელებს.