დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მას შემდეგ რაც დედაქალაქის მერად აირჩიეს, უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და მის აღსაკვეთად მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ღონისძიება გაატარა.
„უკანონო მშენებლობები ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა და დღესაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. მე არასდროს მითქვამს, რომ თბილისში უკანონო მშენებლობები არ იყო. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო პრობლემა და 2017 წელს, როდესაც თბილისის მოსახლეობამ ამირჩია დედაქალაქის მერად, ამის აღსაკვეთად დავიწყეთ ბრძოლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ 2017 წლიდან, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმების გაზრდა დაიწყო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კახა კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ შემოიღეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.
რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უკანონო მშენებლობებზე ჯარიმები 3 000-დან 10 000 ლარამდე იყო. როდესაც კორპუსი შენდება, იქ მილიონებზეა საუბარი. შესაბამისად, როცა კომპანიები ამხელა მოგებაზე გადიან, მათთვის ჯარიმის ეს ოდენობა არაფერს წარმოადგენს.
ჩვენ კი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავიწყეთ ჯარიმების გაზრდა და კატეგორიების მიხედვით, 8 000-დან 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, პრაქტიკაში ვნახეთ, რომ საკმარისი არც ეს იყო. ამიტომაც უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. ვფიქრობ, ამით ჩვენ უკანონო მშენებლობებს წინ აღვუდგებით და შევაჩერებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.