საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა შავი ზღვაზე გამოწვევების საკითხზე გამართულ ონლაინკონფერენციაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისაუბრა.
კელი დეგნანის განცხადებით, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რომ დღეს ანაკლიაში პორტი არ არის.
"რამდენიმე დღის წინ ფოთში ვიყავი, სადაც პორტი მოვინახულე და ეს ადგილი ნამდვილად მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის, თუმცა ამის შემდეგ ანაკლიაში ჩავედი და ის ადგილი დავათვალიერე პორტი რომ უნდა ყოფილიყო და გული მეტკინა. წელს იქ ნავსადგური გახსნილი უნდა ყოფილიყო და გემებიც უნდა მოძრაობდეს. ეს ადგილი ბიზნესისთვის უნდა ყოფილიყო გახსნილი. ვფიქრობ, ეს ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იხსნება რეგიონი და საქართველოს უნდა ჰქონდეს რაღაც, რასაც მაგიდაზე დადებს და პარტნიორებს შესთავაზებს. ფოთისა და ბათუმის პორტებთან ერთად, ანაკლიაც რომ იყოს, საქართველოს მართლაც ბევრი რამ ექნებოდა შესათავაზებელი", - თქვა კელი დეგნანმა.
ელჩი დეგნანის განცხადებით, გეოგრაფიამ მისცა შესაძლებლობა საქართველოს, რომ მართლაც იყოს კარიბჭე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ ამისთვის პორტია საჭირო, რომელიც დიდ გემებს მიიღებს.