დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პოტენციური შეჭრა უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დამარცხება იქნება. ამის შესახებ მან კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრა იქნება პოლიტიკური და ჰუმანიტარული კატასტროფა. ვფიქრობ, ეს იქნება სამხედრო კატასტროფა როგორც რუსეთისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. პოტენციური შეჭრა იქნება დამარცხება პრეზიდენტ პუტინისთვისაც", - თქვა ჯონსონმა.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირებში მან არაერთი მოლაპარაკება გამართა ევროპელ ლიდერებთან და ყველანი მხარს უჭერენ პოზიციას, რომ უკრაინას აქვს უფლება განსაზღვროს თავისი პოლიტიკური კურსი და რომელ ორგანიზაციას შეუერთდეს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა გადადგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ და აირჩიოს დიპლომატიის გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი სანქციები ამოქმედდება.
ბორის ჯონსონის განცხადებით, ლონდონი და დასავლეთის ქვეყნები აამოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, როგორც კი რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგმას უკრაინის მიწაზე.
"ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვამზადებთ სანქციებისა და სხვა ზომების პაკეტს, რომელიც გააქტიურდება იმ მომენტში, როდესაც რუსი ჯარისკაცი გადაწყვეტს, გადაკვეთოს უკრაინის საზღვარი და დაადგას ფეხი უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა ჯონსონმა.
"ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა რუსეთის მიმართ მტრული განწყობის გამოსახატად, არამედ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ერთგულება უკრაინის თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მიმართ, მიმდინარე აგრესიის ფონზე", - დასძინა მან
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას დღეს ეწვია.