"თქვენ არ ხართ დაინტერესებული უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით. თქვენ ხართ დაინტერესებული ისეთი რეზოლუციის მიღებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის და ამითი მოგვიწევს სამხედრო ესკალაციაში შესვლა", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ოპონენტები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ტექსტზე საუბრისთვის მივიდნენ დალაგებული მესიჯბოქსით და პრაქტიკულად, დასრულებული არ იყო შეხვედრა, რომ მათ საკუთარ პარტიულ მედიასაშუალებებს დააწყებინეს ქილიკი, რომ თითქოს, ვიღაცას რაღაცის ეშინია, რომ თითქოს „ქართული ოცნება" მოღალატეობრივ პოზიციას ანვითარებდა.
„თქვენ არ მოსულხართ, სამწუხაროდ, ამ რეზოლუციის ტექსტის შინაარსობრივად განსახილველად. თქვენ წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯით მოხვედით. ჩვენ, რომც შეთანხმებულიყავით ყველაფერზე, თქვენ შეძლებდით და გამონახავდით საბაბს იმისთვის, რომ ამ რეზოლუციისთვის მხარი დაგეჭირათ", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა ნუ დაკომპლექსდებიან და საერთაშორისო ასპარეზზეც ხშირად გამოიყენონ ის, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გააკეთა სტრასბურგში სახელმწიფოთაშორის დავის დროს.
„რუსეთის ფედერაციას - ოკუპანტ ქვეყანას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის 21 იანვარს საერთაშორისო ასპარეზზე პირწმინდად მოუგო სამართლებრივი დავა და მოვიპოვეთ ამით ისტორიული გამარჯვება. ამას აკეთებს „ქართული ოცნების" პირობებში თითოეული ის უწყება და განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. სწორედ, ამ სამართლებრივ დოკუმენტში 95 -ჯერ ჩაწერილია სიტყვა - ოკუპაცია. ასევე სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეგროვდა შვიდასამდე მტკიცებულება, რომელიც 2012 წლამდე „ნაციონალურ მოძრაობას" არათუ შეგროვებულია არ ჰქონდა, არამედ დამაგრებული არ გქონდათ საქმეზე მტკიცებულებები. ეს არის „ქართული ოცნების" დღის წესრიგი. ეს არის „ქართული ოცნების" პრაგმატული პოლიტიკა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.