მათ აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან, - აცხადებს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მისი განმარტებით, მათ აქვთ პრინციპული პოზიციები, პრინციპული პოლიტიკა.
"რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მიდგომას საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები, პრინციპული პოლიტიკა, რაც ყოველთვის აისახება ხოლმე, მათ შორის შესაბამის ტექსტებში. რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მე შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. როგორც ჩანს, ეს არ ყოფნით, როგორც ჩანს, უნდათ მეტი. ეს არის ერთგვარი ომის პარტია. მათ აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან. მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. 2008 წელს რაც გააკეთეს მათ საქართველოში, იმას ვეღარ გაიმეორებენ მარტივი მიზეზის გამო – ისინი არიან დღეს ოპოზიციაში და კიდევ დიდხანს დარჩებიან ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, მარტივად ვიტყვი, გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგი არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.