რეზოლუციის ეს ტექსტი ის ტექსტი არ არის, რითაც საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე.
მისი განმარტებით, თუ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია არ იქნება, ეს რუსულად აბსოლუტურად ცალსახად გადაითარგმნება.
„2010 წელს, როცა უკრაინაში იანუკოვიჩის ხელისუფლება მობრძანდა, 10 ივლისს ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მან მითხრა, რომ იმ 12 მოთხოვნაში, რაც რუსებმა გამოაგორეს, იყო მოთხოვნა, გაეროში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ. შეწყვიტეს! ჩემი თხოვნა იყო: - თავი არ შეიკავოთ, საერთოდ არ მიხვიდეთ ხმის მიცემაზე! რითი დაამთავრა უკრაინამ სიმბოლურ აქტებში არმონაწილეობა, კარგად ვიცით. მე აღნიშნულ რეზოლუციას ვერც ერთ შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერ. ვერც წინააღმდეგ მივცემ ხმას - როგორი უსუსურიც არ უნდა იყოს ტექსტი, უარაინის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ [უკრაინის მხარდამჭერ] რეზოლუციის პროექტს. ოპოზიციის განცხადებით, ვინაიდან რეზოლუციის ტექსტში რუსეთი ნახსენები არ არის, მას მხარს ვერ დაუჭერენ.