ამ ქვეყანაში მართლა რაღაც საომარი და საბრძოლო რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება, ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ ვერც სარფიდან და ვერც წითელი ხიდიდან, ღმერთმა არ ქნას ასეთი საჭიროება ჩვენს ქვეყანას დაუდგეს - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
მისი თქმით, გვახსოვს ნაცმოძრაობის მხარდაჭერილი რეზოლუცია, სადაც ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს.
"თუ ნაცმოძრაობა მხარს არ დაგვიჭერს დიდი უბედურება ჩვენთვის არ იქნება იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერილი რეზოლუცია გვახსოვს, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. მათი რეზოლუციების მხარდაჭერის პათოსიც და მოტივაციაც კარგად ვიცით, საეჭვო, დადასტურებული თუ გამყარებული არგუმენტებით. ეს ჩვენ წარსულში გვაქვს. არსებობს საკითხები ასეთ რთულ თემებთან დაკავშირებით, რომელზეც არის გარკვეული ფრაზები, ან წინადადებები ან ამბები კულისებში და არ შეიძლება მე აქ ამ თემებზე ვილაპარაკო. ჩვენ რაღაც საკითხებიც გავიარეთ კიდეც იმ ხარისხით, სადამდეც შეიძლებოდა ამის დაშვება და თუ აქ ეროვნული ინტერესი არ უნდა გავითვალისწინოთ მაშინ კი ბატონო. ძალიან არ მინდოდა ბატონო ავთო თქვენს პოზიციაზე დათანხმება იმიტომ, რომ მე თქვენს პოზიციას არ ვეთანხმები, მაგრამ მეორე ნაწილში ისეთი რაღაც თქვით, მართლა რაღაც ამ ქვეყანაში საომარი და საბრძოლო რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება და ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ ძალიან რომ მოგვინდეს და შევშინდეთ და ასეთი არ დაგვემართება, ვერც სარფიდან და ვერც წითელი ხიდიდან. არავინ მებრძოლი არ არის ამ თემებთან დაკავშირებით. ღმერთმა არ ქნას ასეთი საჭიროება ჩვენს ქვეყანას დაუდგეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.