ბათუმის მერიის შენობიდან დღეს დილიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოყარა აჭარის უზენაესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც წყნარად ელოდებოდნენ თვითგამოცხადებულ მერს, რათა დაესვათ კითხვები მილიონობით ლარის მოპარვაზე, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მთელ საქართველოში, ხალხის ფულით აშენებული ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ მანდატების ქურდები გამაგრდნენ.
"ამაზე ერთადერთი პასუხია კიდევ მეტი მობილიზაცია, მეტი ხალხი და ვინ ვის გამოყრის, მერე ვნახავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, უმწეობისა და პანიკის ნიშანია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ გასტანს დიდხანს, თუ ჩვენ ფორმაში ვიქნებით", წერს მიხეილ სააკაშვილი.
დაპირისპირება იყო ბათუმში ოპოზიციის დეპუტატებსა და სამართალდამცველებს შორის. პოლიციამ ოპოზიციის წევრები მერიიდან ძალის გამოყენებით გაიყავანა.
"ნაციონალური მოძრაობა'' ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მათთან შესახვედრად არჩილ ჩიქოვანი არ მივიდა. ოპოზიციონერები ჩიქოვანის კაბინეტის წინ, ბრიფინგის ოთახში შევიდნენ, საიდანაც პოლიციამ მათი ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს.