გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი მომავალ კვირას უკრაინასა და რუსეთს ეწვევა.
თავდაპირველად, ლიზ ტრასი კიევში ჩავა, საიდანაც იგი მოსკოვს გაემგზავრება.
ოფიციალური დადასტურების გარდა, ვიზიტის შესახებ კონკრეტული დეტალები უცნობია. თუმცა მოსალოდნელია, რომ კიევში ლიზ ტრასი თავის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ვარაუდობენ, რომ უკრაინას შესაძლოა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც ეწვიოს. 29 იანვარს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, ბორის ჯონსონი უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ჩასვლას გეგმავს.
პრემიერის ოფისს კონკრეტული ქვეყანა და თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ჯონსონთან ერთად ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასიც განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას ასევე ეწვევიან გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანალენა ბერბოკი და ჟან-ივ ლე დრიანი.
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთი კიევის აქტიური მხარდამჭერია. ბოლო ხანებია ხშირად გაისმის ლონდონიდან კრემლის მისამართით მკაცრი გაფრთხილებები.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ბრიტანეთი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება. ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მომავალ კვირას პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელს გახდის რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების [გამარტივებულად] დაწესებას.
გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ დიდი ბრიტანეთი გეგმავს გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.