იტალიის პარლამენტში გამართულ მერვე კენჭისყრაზე ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მოქმედი პრეზიდენტი სერჯო მატარელა აირჩიეს.
ხმების დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მაგრამ მატარელამ გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობა, 505 ხმა უკვე მიიღო.
მატარელას პრეზიდენტად არჩევა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 7 უშედეგო კენჭისყრის შემდეგ, მმართველმა პარტიებმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს, მეორე ვადითაც დარჩენილიყო თანამდებობაზე.
მანამდე ცნობილი იყო, რომ 80 წლის მატარელა გამორიცხავდა მეორე ვადით პრეზიდენტობას, თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, მატარელა "უხალისოდ დათანხმდა" პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისა და სხვა პოლიტიკოსების თხოვნას.
იტალიაში პრეზიდენტს 7 წლის ვადით, პარლამენტის წევრები და რეგიონული წარმომადგენლები ირჩევენ. ამ წლის არჩევნებში დელეგატების რაოდენობა 1009-ს შეადგენს.
იმისათვის, რომ კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვალოს, პირველ სამ ტურში საჭიროა დელეგატთა ორი მესამედის (673/1009) მხარდაჭერა, მეოთხე და შემდეგ კენჭისყრებზე გასამარჯვებლად უბრალო უმრავლესობაც (505/1009) საკმარისია.