ჩინეთი და შეერთებული შტატები შესაძლოა სამხედრო კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდნენ, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს ტაივანის დამოუკიდებლობის წახალისებას. განაცხადა ჩინეთის ელჩმა აშშ-ში ცინ განგმა.
"ნება მიბოძეთ, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ტაივანის საკითხი "დენთის კასრია" ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის", - თქვა ელჩმა ამერიკის ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან (NPR) ინტერვიუში.
"თუ ტაივანის ხელისუფლება, შეერთებული შტატების მიერ შეგულიანებული, გააგრძელებს დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე სვლას, ეს დიდი ალბათობით ორი უზარმაზარ ქვეყანას, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს სამხედრო კონფლიქტში გახვევს", - დასძინა მან.
ელჩის კომენტარს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩინელი დიპლომატის ამ ინტერვიუს წინ უსწრებდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იის შორის სატელეფონო საუბარი, სადაც მხარეებმა უკრაინის კრიზისის თაობაზე იმსჯელეს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ აქვს ოფიციალური კავშირები ტაივანთან, ის არის მისი მთავარი მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელი.
გასულ წელს, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილმა კონგრესში განაცხადა, რომ ჩინეთი შესაძლოა მომდევნო 6 წლის განმავლობაში შეიჭას ტაივანში და დაამყაროს მასზე სრული კონტროლი.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას. პეკინი არ გამორიცხავს ძალის შესაძლო გამოყენებას გაერთიანების მისაღწევად.