საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ დღეს შექმნილი დაძაბულობა დიალოგის ფორმატში გადავა.
"დღეს ჩვენი თემა არის ეროვნული თანხმობა, თუმცა დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა. ეს მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში", - თქვა პრეზიდენტმა.