საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ქალბატონ მარია ბურიჩის შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა; ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით გაუქმებას, ასევე, სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმებს.
მათივე განცხადებით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და მათ არასათანადო გამოძიებაზე.
"ახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტებთან აპარატის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც წლებია წარმატებით მიმდინარეობს და თხოვნით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანოს ევროსაბჭოს ინსტიტუტების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი.
ქალბატონმა მარია ბურიჩმა დახმარების მზადყოფნა დაადასტურა და სახალხო დამცველის აპარატს ადამიანის უფლებების დაცვით საქმიანობაში სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპაში ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივან რეჯის ბრილატთან, ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტ კლერ ბაზი მალართან.