პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს 12 პროცენტი, საშუალოდ – 33 პროცენტი, ცუდად – 46 პროცენტი. შვიდმა პროცენტმა არ იცის, ერთი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.
53 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი ამტკიცებს კანონებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ამ მოსაზრებას მხოლოდ 36 პროცენტი ეთანხმება.
42 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი ეფექტურად უწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას. ამ დებულებას მხოლოდ 35 პროცენტი ეთანხმება. 61 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. ამ მოსაზრებას მხოლოდ 28 პროცენტი ეთანხმება.
NDI-ს ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.