გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდიგანმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ლონდონი არ გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას.
"არაფერს გამოვრიცხავთ", - განაცხადა ტრასმა ტელეარხ Sky News-ის ეთერში შეკითხვის პასუხად დაუჭერს თუ არა ლონდონი რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, რის შესახებაც მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა.
"ჩვენ მოვამზადებთ ახალ კანონმდებლობას, რათა სანქციების რეჟიმი გახდეს უფრო მკაცრი და შევძლოთ უფრო მეტი რუსული კომპანიისა და ფიზკური პირის მიმართ ჩვენი სანქციების ამოქმედება", - თქვა მან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასაც განიხილავს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალების გაგზავნის შესაძლებლობაც დაუშვა.
"თუ ის [რუსეთი] მთელი თავისი ძალებით გადავა უკრაინაში, ეს იქნება ყველაზე დიდი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს შეცვლის სამყაროს", - თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროა კონცენტრირებული. დასავლეთი შიშობს, რომ კრემლი მეზობელ ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციას გეგმავს, რასაც რუსეთი უარყოფს. ამასთან, კრემლი დასავლეთისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" მოითხოვს, რაც უპირველესად ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას გულისხმობს.