საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს - ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა 25 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც საელჩომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავი აღნიშნა.
"საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.
როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ", - განაცხადა კელი დეგნანმა.