დღეს, მედიის წარმომადგენლებისთვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.
შეხვედრა მიზნად ისახავს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მიზნებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მედიისათვის ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრას წარუძღვებიან პარლამენტის ვიცე სპიკერი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, რუსუდან კერვალიშვილი, ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე, ლალი ფაფიაშვილი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა ბაქრაძე.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
16-დღიანი კამპანია 1991 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. კამპანია მიზნად ისახავს გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის პრობლემების ირგვლივ საზოგადოებრივი ცნობიერების მობილიზაციას.
საქართველოში კამპანია უკვე მრავალი წელია აღინიშნება გაერო-ს მოსახლეობის ფონდის კოორდინაციით, საპარლამენტო გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერითა და ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
კამპანიის ფარგლებში წელს, დაგეგმილია 70-ზე მეტი ღონისძიება, მათ შორის, კამპანიის საზეიმო გახსნა საქართველოს პარლამენტში, მედიაკონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება, გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილი ამერიკავკასიის რეგიონული ფოტოგამოფენა, საინფორმაციო სესიები.