გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს რუსეთისგან დეესკალაციის ნიშნების დანახვა სურს.
"დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, რთულია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - აღნიშნა მან.
"ჩვენ ვიცით სცენარები, რომლებსაც რუსეთი იყენებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოიცავს ზომებს, რომლებიც ღია სამხედრო მოქმედებების ჩარჩოებს სცდება. ხშირად ეს იწყება კიბერშეტევებით, ნახევრად საომარი საქმიანობით, დეზინფორმაციის კამპანიით, რომელიც მიმართულის იმისკენ, რომ დამალონ ფაქტები და შექმნან საბაბი საკუთარი აგრესიისთვის. რუსეთი უკვე დაკავებულია დეზინფორმაციითა და პროპაგანდით და ცდილობს უკრაინა აგრესორად წარმოაჩინოს, თავისი თავი კი - მსხვერპლად", - აღნიშნა ლინდა თომას გრინფილდმა.
ამასთან, დასძინა, რომ რუსეთის ქმედებები გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს ძირს უთხრის.
"კერძოდ, გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ ერთ სახელმწიფოს ძალის გამოყენებით არ შეუძლია მეორე ქვეყნის საზღვრების შეცვლა... თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს პირდაპირ გულში მიაყენებს დარტყმას გაეროს წესდებას და როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას აღნიშნა, გახსნის პანდორას ყუთს ყველა ჩვენგანის შფოთვისთვის", - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.
გაეროში აშშ-ის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიზანია უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარება. ამასთან, აღნიშნა, რომ თუ ამის მიღწევას ვერ შეძლებენ აშშ-სა და მისი მოკავშირეების პასუხი მკაცრი იქნება.
თებერვალში რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარე იქნება. ამის მიუხედავად, ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიის შემთხვევაში, უშიშროების საბჭო უარს არ იტყვის თავის ვალდებულებაზე შექმნილ სიტუაციას უპასუხოს.
"რუსეთი ვერ გამოიყენებს ვეტოს უფლებას, რათა ხელი შეუშალოს უშიშროების საბჭოს, გამართოს ფართო დისკუსია და წინ აღუდგეს მის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიას, რომელსაც მოსკოვი ატარებს არამხოლოდ აქ, ნიუ იორკში, არამედ მთელ მსოფლიოში", - განაცხადა მან.