გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა თებერვლის განმავლობაში რუსეთი იქნება. ამის შესახებ გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს თითოეული წევრი მონაცვლეობით, ერთი თვის განმავლობაში, წევრი სახელმწიფოების სახელწოდებების ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით.
იანვრის თვეში გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ნორვეგიას ერგო.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას მარტში არაბთა გაერთიანებული საამიროები გადაიბარებს, აპრილში - დიდი ბრიტანეთი, ხოლო მაისში კი შეერთებული შტატები.
გაეროს უშიშროების საბჭოში 5 მუდმივი წევრია: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. მათთან ერთად საბჭოში შედის 10 არამუდმივი წევრი: 3 ადგილი აფრიკული ქვეყნებისთვის, 2 ადგილი აზიური სახელმწიფოებისათვის, 2 ადგილი ლათინოამერიკული ქვეყნებისთვის. ასევე 2 ადგილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ერთი ადგილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნისთვის.