შსს-თან მიმდინარე აქციაზე ნატა ფერაძე დააკავეს. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ბოძებზე სტიკერების გაკვრა დაიწყო.
სამართალდამცავებმა აქტივისტებს რამდენჯერმე მოუწოდეს სტიკერები არ გაეკრათ, რადგან, მათი განმარტებით, ეს ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.
პოლიციელების მიერ შშმ პირის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გასაპროტესტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციას პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება კატეგორიულად გმობს პოლიციელის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.