"ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა, აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობაში ძლიერად და სრულფასოვნად ჩაერთოს, აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება და გადაწყვეტილების ფრაქციის ყველა წევრის მოსაზრების გათვალისწინებით მიღება.
„ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა. პირველ რიგში, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომლის დარეგისტრირებას ძალიან მალე ვაპირებთ. ასევე დღის წესრიგში დგას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის, 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის და უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხი. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა, აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობაში ძლიერად და სრულფასოვნად ჩაერთოს. ჩვენ ერთმანეთის აზრს მოვუსმენთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობით მივიღოთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.