სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც დაგმობილია პოლიციელის მხრიდან ძალადობა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "პირველმა" გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელმა თბილისში მოქალაქეს სცემა.