„ჩვენ, ყველა - საპარლამენტო ოპოზიცია და მთელი საზოგადოება ვთანხმდებით, რომ ჩვენი პარტნიორის, ჩვენი მეზობლის, უკრაინის მიმართ რუსეთის განახლებული აგრესია არის სერიოზული საფრთხე და გამოწვევა ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების საკითხის და ასევე გეოპოლიტიკური მიმართულებით", აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
მისი განმარტებით, ეს არის საკითხი, რომელზეც სახელმწიფომ, მათ შორის, პარლამენტმა ერთობლივი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, შესაბამისად, გარდა ერთობლივი რეზოლუციისა, საპარლამენტო ოპოზიციას აქვს ინიციატივა უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან.
"საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტზე მობრძანდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოწვევებზე და მნიშვნელოვანია ეს იყოს სერიოზული, საქმიანი საუბარი. გარდა ამისა, პარლამენტში არსებობს უკრაინა-საქართველოს მეგობართა ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული არიან დეპუტატები, აუცილებელია, რომ ასევე დაიწყოს კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში ჩვენ ერთობლივი ვიზიტი უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით ერთიანი ვიზიტი განვახორციელოთ კიევში, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმისა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს", - განაცხადა დეკანოიძემ.