რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებას და მას დეზინფორმაციულს უწოდებს.
კრემლი მოუწოდებს ბრიტანეთს, შეწყვიტოს "პროვოკაციული საქმიანობა".
რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სწორედ ანგლო-საქსები უდგანან სათავეში დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც აღრმავებენ უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას.
"მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული საქმიანობა, შეწყვიტოს სისულელის გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის (ბატონობის) ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს", - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც ბრიტანულმა დაზვერვამ გამოააშკარავა რუსეთის სპეცსამსახურების გეგმები უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შესახებ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნას გეგმავს, რადგან ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრასა და ოკუპაციას განიხილავენ.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოტენციურ კანდიდატად უკრაინელი ყოფილი დეპუტატი, ევჰენ მურაევი განიხილება.