გაბრიელ ბორიჩმა, ჩილეს არჩეულმა პრეზიდენტმა თავისი კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა, სადაც თანამდებობების უმრავლესობა ქალებს უკავიათ.
მინისტრთა კაბინეტში შემავალი 24 მინისტრიდან 14 ქალი იქნება, მათ შორის, მაია ფერნანდესი ალიენდე, რომელიც თავდაცვის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს. მაია ფერნანდესი ჩილეს სოციალისტი პრეზიდენტის, სალვადროს ალიენდეს შვილიშვილია.
სალვადორ ალიენდე 1973 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს, რის შემდეგაც ჩილეს სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა, დიქტატორ ავგუსტო პინოჩეტის მეთაურობით.
"ჩვენ ეს გუნდი შევკრიბეთ ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან, რომლებიც ერთგულნი არიან ცვლილებების დღის წესრიგისადმი, რაც ესოდენ სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ბორიჩმა.
მემარცხენე გაბრიელ ბორიჩი, რომელმაც ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებში გასული წლის დეკემბერში გაიმარჯვა, უფლებამოსილების განხორციელებას 11 მარტიდან შეუდგება. ამ დროისთვის ის 36 წლის იქნება.
ბორიჩის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის მისაღებად რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება. საკონსტიტუციო რეფორმაზე ეროვნული კონგრესი მუშაობს და იგი მიზნად ისახავს ქვეყანაში პოლიტიკური მოწყობის რეფორმირებას. ამჟამად, ჩილე საპრეზიდენტო რესპუბლიკაა.
მოქმედი კონსტიტუცია ავგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დროს არის მიღებული.