ჟენევაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა.
როგორც მანამდე იუწყებოდნენ, მოლაპარაკებების ძირეული საკითხი უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთის მოთხოვნები და უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.
შეხვედრა დაგეგმილზე ადრე, საათნახევარში დასრულდა.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა თავისი მკაფიო პოზიცია კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს სწრაფ და მკაცრ ერთობლივ პასუხს გასცემენ.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი თავის შეშფოთებას და წინადადებებს რუსეთს მომავალ კვირას წერილობით გაუზიარებს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაძაბულობის ფონზე დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელება მნიშვნელოვანია.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარღვევა არ ყოფილა, ვაშინგტონი და მოსკოვი ახლა "უფრო ნათელ გზას" ადგანან ერთმანეთის შეშფოთების გასაგებად.
სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებზე, ვაშინგტონისგან წერილობით პასუხს მომავალ კვირას მოელის.
ლავროვის თქმით, შეხვედრაზე თავის ამერიკელ კოლეგას განუმარტა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.
მისივე განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც მან "გულწრფელი" უწოდა, "ემოციები დაცხრება".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მკაფიოდ იქნა ხაზგასმული რუსეთის მოთხოვნა, რომ ნატო-მ აღმოსავლეთით გაფართოება უნდა შეწყვიტოს.
ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა უკრაინის საკითხზე არ უნდა გადიოდეს. "მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თემა დიდ ყურადღებას იმსახურებს", - დასძინა მან.