შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა, სადაც თანამდებობაზე ყოფნის 1 წელი შეაჯამა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის შესაძლო აგრესიისა და მის შედეგებზე ისაუბრა.
ბაიდენის განცხადებით, რუსეთს მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს, თუ უკრაინაში სამხედრო აგრესიას გადაწყვეტს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთისადმი დაწესებული სანქციები იქნება იმ მასშტაბის, როგორიც აქამდე არავის უნახავს.
ჯო ბაიდენმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა.
ბაიდენმა გაიხსენა წინა საუბრები პუტინთან და თქვა, რომ პუტინი ორი რამეს ითხოვდა - კიევი არასდროს უნდა გახდეს ნატო-ს წევრი და უკრაინაში სტრატეგიული იარაღი არ უნდა განთავსდეს.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერიოდში უკრაინის ნატოში გაწევრიანების ალბათობა დაბალია, რადგან ალიანსში გაწევრიანების ყველა კრიტერიუმი არ არის დაკმაყოფილებული კიევის მიერ.
"მათ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ", - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ ნატო-ს სხვა მოკავშირეებიც მზად უნდა იყვნენ უკრაინის ალიანსში მისაღებად.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან კიდევ ერთი სამიტის გამართვის შესაძლებლობა არსებობს.